სექსებზე, ხეებზე და სტუდენტებზე


”-ამომივიდა და რა ვქნა!
-ამოგივიდა! ხმება! გამიხსენი ეხლა აქ სატყეო მეურნეობა, გაიშენე ზურგზე ტყე, გაურივე შიგ პანტა, ვაშლი, მსხალი, ზღმასრტლი. გაამრავლე მერე ნადირი.”
გოდერძი ჩოხელი_წერილი ნაძვებს
 ხეების კულტივირება საქართველოში უხსოვარი დროიდან დაიწყო. ხე იყო ღმერთი, ტოტემი, რომელსაც ზოგიერთ კუთხეში ახალშობილებსაც კი სწირავდნენ, ხე იყო თავშეყრის ადგილი, სადაც თემი იკრიბებოდა, მტყუანს და მართალს არჩევდა, ბრალს სდებდა დამნაშავეთ და ამართლებდა უდანაშაულოთ. დროთა განმავლობაში ხე სახლებშიც შევიდა, დედაბოძის, დედაბურჯის სახით. ბორჯღალამოკვეთილი, მოჩუქურთმებული ხის სვეტი იდგა კერიის ცენტრში და ოჯახის ერთიანობას უზრუნველყოფდა.
წარმართული რელიგიიდან ხემ მართლმადიდებლობაშიც გადაინაცვლა ცეცხლოვანი კვიპაროსის სვეტის სახით _”სვეტი ღვთივ გაბრწყინდა და თორმეტი წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა ჰაერში”, სწორედ იმ ადგილას აიგო პირველი მართლმადიდებლური ტაძარი საქართველოში, რომელიც დღემდე ჩვენი რელიგიის ურყევობის სიმბოლოა.
მერე ნელ–ნელა ხეებმა ლიტერატურაში გადაინაცვლეს, ელიოზის ნატვრის ხეს გოდერძი ჩოხელის ბერი მოჰყვა, მხარზე ნაძვით და მისთვის გაწირული სიცოცხლით.
ლიტერატურიდან ხე არც მეტი, არც ნაკლები, ზღვაში გადავიდა. ასე, ჩვეულებრივად ადგა და გაცურა. გაცურა და ჯერჯერობით უკან არ გამოუცურავს.
ქვეყანაში, სადაც წელიწადში ათასობით ნარგავი უკანონოდ იჩეხება და იჩეხებოდა, ქვეყანაში, სადაც ქალაქებს აღარ შერჩათ სიმწვანე ხეები ზღვაში დანანაობენ.
ქვეყანაში, სადაც მხატვრულ ფილმებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქსელიდან ‘ზედმეტი ეროტიკის”  გამო იღებს , ხეები ნება–ნება მიცურვენ ნაპირისკენ.
ქვეყანაში, სადაც”ელიტარული”პორნოგრაფია ესპანური გრიპივით ვრცელდება და ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტის სტუდენტები უშედეგოდ ითხოვენ გამოძიების დაწყებას , ”ოდეერების” აღმოჩენას და უნივერსიტეტის ავტონომიას, ხალხი ბჭობს იმაზე, თუ რამდენ ხანს გაძლებს მცურავი ხე ზღვასა თუ ხმელეთზე.
ქვეყანაში, სადაც გაფიცულ მუშებს რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ ხელფასს ოცი ლარით უმატებენ, სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ კი ”მომავალში გაესაუბრებიან” ხალხის მთავარი სადისკუსიო თემაა თუ ვინ და რატომ გადარგო ხე.
ქვეყანაში, სადაც ჰგონიათ რომ მტერი ევროპაა და არა რუსეთი, რომელიც ყოველ კვირაში რამდენიმე სანტიმეტრით გვიახლოვებს საზღვარს, ხე ყველაზე აქტუალური პრობლემაა.
ქვეყანაში, სადაც დეპუტატებს საარჩევნოდ ხმების მიღება ”იმნაირების” სტიგამტიზირებითა და ლანძღვით სურთ, ან სულაც მიწისქვეშა ქალაქების და სამდინარო პორტების მოწყობით, ხე ისევ აქტუალურია.
ქვეყანაში, სადაც ახლანდელი მთავრობა წინას ლანძღავს, წინა თავის წინას ლანძღავდა, იმ წინამ კი თავისი მოწინავე საეჭვოდ მოიშორა არაფერი გვეშველება, სანამ ხე მშვიდად არ გადაცურავს ზღვას…

2 thoughts on “სექსებზე, ხეებზე და სტუდენტებზე

  1. იმ გრძნობას რა ქვია იცი? ! ნაწერში რომ აღმოაჩენ თურმე არსებობენ სხვებიც რომლეიბც პრობლემას უფრო ფართო კადრით ხედავენ და მერე გახსენდება რომ შენი საუკეთესო მეგობრის ნაწერს კითხულობ …
    #სიამაყენარევჩემპიონისგრძნობა ქვია !

    Liked by 1 person

Leave a comment